2008 წელს მოკლული სერჟანტის როინ შავაძის ოჯახი, იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებები გააყალბა ან გამოძიების მსვლელობას ხელი შეუშალა.
მოკლულის ოჯახის ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ საქმის გამოძიების ხელმძღვანელი, რესან კონცელიძე, რომელიც ამჟამად "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, არის ერთ ერთი გამყალბებელი რომელიც ასრულებდა ხელმძღვანელების დავალებებს. უფლებადამცველის, თქმით აჭარის მაშინდელი პროკურორი ვასილ როინიშვილი ჯერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნეს, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ და სწორედ მის სახელს უკავშირდება საქმის გაყალბება.
"ფულადი კომპენსაციის მიღება კი არა, ამოცანა ის არის, რომ მართლმსაჯულება სწორად განხორციელდეს, დამნაშავე პირების დასჯას მოვითხოვთ, და არა მარტო მკვლელობის ჩამდენების არამედ, ეს საქმე თავიდანვე გაყალბებული იქნა გამოძიების სტადიაშივე, საქმის გამყალბებელი გახლავთ დღეს "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, ასევე პროკურორი რეგიონში იმჟამად ვასილ როინიშვილი, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობას ახორციელებდა, ის უზენაეს სასამართლოში უვადოდ იქნა გამწესებული და ბოლოს საკონსტუტუციო სასამართლოში მოსამართლედ გადმოიყვანეს, "– ამბობს შავაძის საქმის ადვოკატი.
შავაძის საქმის ადვოკატი ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ გამოძიება ჩიხში შეიყვანა და დამნაშავეები არ გამოავლინა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე