გატაცება ზარდიაანთკარიდან- მინისტრი ამბობს, რომ მომხდარი ჟენევის თანათავმჯდომარეებს აცნობეს

გამოქვეყნდა:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ინფორმაციით, სოფელ ზარდიაანთკართან მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებს.

მისივე თქმით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ უმოკლეს დროში გათავისუფლდნენ საქართველოს მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან.

„საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მიმდებარე ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ამგვარი ფაქტები კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ, ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, განსაკუთრებით, როდესაც უკვე ერთ წელიწადზე მეტია პანდემიის პირობებშიც კი, დაკეტილია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უზღუდავს გადაუდებელ, მათ შორის სამედიცინო მომსახურებებზე წვდომას და გაყოფილია ოჯახები. საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება“ - ამბობს თეა ახვლედიანი.

მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 20 ნოემბერს გაიტაცეს. ოჯახისთვის გატაცების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მართული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, გენადი ბესტაევი, რომელიც 2019 წლის 21 ნოემბერს სოფელ ზარდიაანთკარიდან, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს. მას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსჯა ბრალდებით, თითქოს, სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით მარიხუანა უპოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ქვემო ჭალიდან ხუთი თვის წინ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას ამ დრომდე არ ჩაუნიშნავს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი