კლინიკებში ადგილები აღარ არის, მძიმე პაციენტები შველას ითხოვენ, COVID-19-ის გართულებული ეპიდვითარებაა მთელს ქვეყანაში. ვირუსის გავრცელება სახიფათო მასშტაბებს იძენს.
ოფიციალური სტატისტიკით, გარდაცვლილთა რიცხვი 976-ია, 20 ათასზე მეტი ინფიცირებულია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღეების განმავლობაში ელოდება ექიმის რიგს.
ეს იმ გაუმართავი სისტემის შედეგია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და ქვეყანა კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა. საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ახალი შემთხვევის მზარდი რიცხვი პროგნოზის გაკეთების საშუალებას ვერ იძლევა.
პაციენტები ტესტის გაკეთებას ვერ ახერხებენ. სასწრაფოს გამოძახება გინდათ? მაშინ ლოდინისთვის უნდა მოემზადოთ. პაციენტს შესაძლოა მაღალი ტემპერატურა ან სუნთქვის უკმარისობა ჰქონდეს, მაგრამ ამით ექიმების ყურადღების მიქცევა მარტივი არ არის.
თუ გაგიმართლათ სასწრაფო დახმარება გამოძახებიდან კარგ ვარიანტში რამდენიმე საათში, ან რამდენიმე დღეში მოგაკითხავთ.
სუნთქვის აპარატი აღარ დარჩა. ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს არანაირი გეგმა და პროტოკოლი.
მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება, რომ მძიმე პაციენტებში რემდესივირი არ არის ეფექტური და ფარმაკოლოგები მთელს მსოფლიოში სხვა პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას, ჩვენს ქვეყანაში პაციენტებს ისევ ძვირადღირებული რემდესივირით მკურნალობენ .
სამედიცინო ცენტრები პარალიზებულია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც "ქართული ოცნების" ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლებოდა, მომავალი წლის გაზაფხულამდე შეჩერებულია. გეგმიური ოპერაციები უფულობის გამო არ დაფინანსდება.
რეგიონებში მცხოვრები ადამიანები ბევრად უფრო რთული გამოწვევის წინაშე დგანან. მთავრობას ისევ არ გააჩნია ერთიანი გეგმა, რითიც ვირუსის გავრცელების რისკებს შეამცირებს და ეს იმ ფონზე, როცა გაზაფხულიდან COVID-19-ის გამოწვევებთან გასამკლავებლად სახელმწიფომ მხოლოდ ევროკავშირისგან მიიიღო 250 მლნ ევროს დახმარება და 150 მლნ ევროს შეღავათიანი კრედიტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 30მლნ ევრო, აშშ-ს 200 მლნ დოლარი, ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან 15 ტონა სამედიცინო დამცავი საშუალებებით დატვირთული ჰუმანიტარული ტვირთი და სხვა.
გამოსავალს მხოლოდ ლოკდაუნში ხედავენ. და რა შეიცვლება რამდენიმეკვირიანი ჩაკეტვის შემდეგ, როცა გაზაფხულიდან 8 თვე უაზროდ გაიფლანგა?
იბრძვიან მხოლოდ ექიმები, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობას შეძლებისდაგვარად დაეხმარონ. ბევრი მათგანი მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა, სოციალურ ქსელებში კოვიდპაციენტებისთვის იქმნება სპეციალური ჯგუფები და პლატფორმები, სადაც ექიმები სახელმწიფოსგან მიტოვებულ შეშინებულ პაციენტებს საჭირო რეკომენდაციებს აძლევენ.
დეტალურ რეკომენდაციებს აქვეყნებენ და სისტემატურ ტელეჩართვებს აწყობენ უცხოეთში დასაქმებული ქართველი ექიმები, თუმცა მხოლოდ ამით პრობლემა ვერ მოგვარდება. სახელმწიფო გვერდზე გადგა, მოსახლეობა კი დიდი გამოცდის წინაშე დგას.
მედიცინის ექსპერტები კი გვეუბნებიან, რომ ეს ჯერ დასაწყისია და პიკი წინ გველოდება.