პაციენტები ისე იღუპებიან, რომ კლინიკამდე მისვლას, ან თუნდაც ექიმთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებენ. ჯანდაცვის სექტორი პანდემიის აფეთქებას ვეღარ უძლებს და ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია.
შავი ზღვის ჰოსპიტალში შესული რამდენიმე სასწრაფოდან მხოლოდ იმ პირებმა შეძლეს საავადმყოფოში შეღწევა, ვისაც მხოლოდ ტესტირება სჭირდებოდა,პაციენტები, საწოლი ადგილების არ ქონის გამო უკან გააბრუნეს.
რატომ არ არის კლინიკებში ადგილები, რატომ ვერ ახერხებს ჯანდაცვის სისტემა პანდემიის მძიმე ტალღის მართვას, როცა პირველი ინფიცირების შემთხვევებიდან დღემდე ნახევარ წელზე მეტი გავიდა.
მიზეზი პირველი - ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღის პიკში მაქსიმუმ 500 პაციენტს ელოდა, 24 საათში 4000 ინფიცირებულისთვის არც კლინიკები, არც მედპერსონალი და არც სასწრაფო დახმარების ბრიგადები მომზადებულები არ იყვნენ. შესაბამისად, ქვეყანაში უმართავი ვითარება გასაკვირი აღარ არის, პიკი კი ანალიტიკოსების შეფასებით ჯერ კიდევ არ დამდგარა და არც სტატისტიკა აჩვენებს ზუსტ ციფრებს.
მიზეზი მეორე - ქვეყანაში დროულად ვერ მოხერხდა მედპერსონლის გადამზადება, ჰოსპიტლებისა და საწოლი ადგილების მობილიზება და მათი ისე მართვა, რომ იქ ნამდვილად მძიმე პაციენტები მოხვედრილიყვნენ, ნაცნობ მეგობრობას არ გაეჭრა და რესურსი სწორად გადანაწილებულიყო.
მიზეზი მესამე - დაიჯერეს, რომ "მუშკეტერებმა" ვირუსი დაამარცხეს და არ იზრუნეს საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე. დამატებითი აპარატურის შეძენაზე. ახლა კი ამ ყველაფერზე ზრუნვა უკვე დაგვიანებულია.
ვითარება რომ უმძიმესია, ამაზე ღიად ლაპარაკობენ კლინიკების ხელმძღვანელები. არც ერთ კლინიკაში, რომელშიც კოვიდის მართვაა შესაძლებელი, საწოლი ადგილი აღარაა და რიგში ინფიცირებულები დგანან, ხშირ შემთხვევაში მძიმე შემთხვევები.
ქვეყანა მსოფლიო რუკაზე დაწინაურდა და ახლა უკვე პირველ ადგილზე ვართ 100 000 მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობით.
ეპიდემია უკვე თვითდინებაზეა მიშვებული, რაც კიდევ უფრო მეტ ინფიცირებულს და მეტ ფატალურ შედეგს ნიშნავს.