ხორცპროდუქტების კომპანია "დელისიას" გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელფასების დაგვიანებას და კომპანიის მიერ დაკისრებულ ჯარიმებს აპროტესტებენ. მათი განმარტებით, კომპანიიდან 4 თანამშრომელი ადმინისტრაციამ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც კუთვნილი ანაზღაურების დაგვიანებაზე პროტესტი გამოთქვეს, 13 თანამშრონელი კი პროტესტის გამო გათავისუფლების მოლოდინშია.
კომპანიის წარმოამდგენელი არ უარყოფს ხელფასების დაგვიანებას, თუმცა გათავისუფლების მოტივად თანამშრომლების არასაკმარის კომპეტენციას ასახელებს.
"კომპანიაში ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ხელფასების დაგვიანება, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ჩვენ კომპანია ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ფიზიკურად ვეღარ შევძლებდით სამუშაო ობიექტებზე გასვლას, გავაპროტესტეთ ხელფასების დაგვიანება, არ და ვერ გამოვცხადდით ობიექტებზე და ამის გამო კომპანიამ დაგვაკისრა ხელფასის 49%-იანი ჯარიმა", - თქვა თანამშრომელმა, სოფო ტყეშელაშვილმა.
მათთან ერთად აქციას ესწრებოდნენ პროფკავშირების წარმომადგენლებიც. კომპანიის იურისტი კი აცხადებს, რომ 3 თანამშრომელი გამოსაცდელი ვადის ვერ გავლის გამო გაათავისუფლეს, ერთი კი დისციპლინური გადაცდენის გამო.