ქუთაისში სტუდენტები მერიასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი ტრანსპორტზე შეღავათის დაწესებას ითხოვენ. სტუდენტების თქმით, ხელისუფლებამ ტრანსპორტზე შეღავათების დაწესების დაპირება ერთი წლის წინ გასცა.
"ზუსტად ერთი წლის წინ მერიაში სტუდენტებმა შევიტანეთ ინიციატივა, ვითხოვდით 50%–იან შეღავათებს მუნიციპალურ ტრანსპორტზე. გავიდა ერთი წელი, მუნიციპალური ტრანსპორტიც შემოვიდა და ყველა პირობა არსებობს, რომ დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნა, ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით კიდეც ხელმძღვანელობას და სიტყვიერი პირობა გვაქვს, რომ ტრანსპორტის შემოსვლიდან ერთ კვირაში დაიწყებდნენ საკითხის განხილვას, ერთი კვირაც გავიდა და ველოდებით მერიისგან ადეკვატურ ნაბიჯებს", – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
სტუდენტების თქმით, მათ ლექციები ქუთაისში სხვადასხვა კორპუსებში უტარდებათ და ამიტომ ხშირად უწევთ გადაადგილება, შესაბამისად, სატრანსპორტო შეღავათი მათთვის მნიშნველოვანია.
სტუდენტები მზად არიან მერიასთან ერთად საკითხზე იმსჯელონ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში სხვა დიდ ქალაქებში, ბათუმსა და თბილისში, სტუდენტები ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ.