შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 28 წლის თ.ტ. დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული შესანიღბად ერთ-ერთი საკურიერო მომსახურების ზურგჩანთას და სკუტერს იყენებდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესანიღბად, ერთ-ერთი საკურიერო მომსახურების ზურგჩანთას და სკუტერს იყენებდა, რისი საშუალებითაც გადაადგილდებოდა ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე", - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ამოიღეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.