უწყვეტი პროტესტის 32-ე დღე წყალტუბოში - ნამახვანის ხეობაში მოსახლოება გიგანტური ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. სამოქალაქო აქტივისტები შემთხვევის ადგილზე 24 საათის განმავლობაში რჩებიან და სამშენებლო ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მოსალხეობა ამბობს, რომ არ დაუშვებს 105 მეტრიანი კაშხლის აშენებას სეისმურად და მეწყრულად სახიფათო ტერიტორიაზე. პროექტის მიხედვით წყლის ქვეშ ექცევა ასეულობით ჰექტარი ტერიტორია.
პროექტის მიხედვით ორი ჰესი უნდა აშენდეს, ერთი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში, მეორე კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანში.
"32-ე ღამეს გავათევთ უკვე ჩვენ დღეს აქ, სოფელ ჟონეთში, როგორც იცით ვაპროტესტებთ ნამახვან ჰესების მშენებლობას უწყვეტ რეჟიმში და ჩვენი მოთხოვნაა, რომ სანამ კომპაია ინკა არ დატოვებს ხეობას, მანამდე აქედან არ წავალთ, კომპანიამ საბოლოოდ უნდა დატოვოს", - თქვა აქციის მონაწილე ვარლაამ გოლეთიანმა.
მოსახლეობა ამბობს, რომ ხეობას პროექტით საფრთხეს უქმნიან.
სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, პროტესტის 21-ე დღეს, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია.
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ ამ თემაზე რაიმე წუხილი გადაჭარბებულია. ნათია თურნავას თქმით, მთავრობა ნამახვანჰესის პროექტის მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს, ინვესტორი ვალდებულია მათ თითოეული ეტაპი ცალ-ცალკე შეუთანხმოს.