ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობა ნამახვანჰესის პროექტის მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს, ინვესტორი ვალდებულია მათ თითოეული ეტაპი ცალ-ცალკე შეუთანხმოს, ამიტომ რაიმე წუხილი ამ თემაზე გადაჭარბებულად მიაჩნია. ამ თემაზე მან კითხვას მთავრობის ბრიფინგზე უპასუხა.

"პიკზე ეს პროექტი დაასაქმებს 2 000 ადამიანზე მეტს საქართველოს მოქალაქეს, პირველ რიგში, ეს ადგილობრივი მოსახელობა იქნება. დღესაც, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ძალიან დიდი დოზით ადგილობრივი, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ჰყავთ დასაქმებული და ჩართული. მთლიანობაში, რასაკვირველია, არ არის კარგი, როცა მსგავსი ექსცესები ახლავს მსხვილ პროექტს, თუმცა, ისიც მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ზოგადად ბევრ ქვეყანაში, როდესაც დიდი პროექტი ხორციელდება, რომელსაც აქვს გარკვეული გავლენა გარემოზე, საკმაოდ გააჩნია რთული ინჟინერია, დიზაინი, არის, ხოლმე, კითხვები, პროტესტის გამოხატულება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება და დალაგდება", - თქვა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ნებართვაში გარკვეული პირობებია ჩადებული რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას სიფრთხილით ეკიდება. 

თურანვას განცხადებით, ინვესტორი მოსახლეობასთან აქტიურად მუშაობს და მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს. 

წყალტუბოში ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ 24-საათიანი პროტესტი დღეს უკვე 25-ე დღეა გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი ღამეს მშენებლობის ადგილზე ათევდა.  მათი თქმით, არ დაუშვებენ  105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას, რომელიც 500-ზე მეტ ჰექტარს წყლით დაფარავს. 

სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს  34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, პროტესტის 21-ე დღეს, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი