თბილისის მეტროს მემანქანე, რომელიც კოვიდინფიცირებულთან პირდაპირი კონტაქტია და რამდენიმე საათის წინ აიღო კორონავირუსზე ტესტი, მაინც ჩვეულებრივი გრაფიკით მუშაობს.
"მე არ დამდასტურებია კოვიდი, უბრალოდ დღეს ტესტი გავიარე პროფილაქტიკის მიზნით, ხვალისთვის ველოდები პასუხს, დღეს ვმუშაობ მთელი დღის განმავლობაში, სამწუხაროდ ასეა, რამდენიმე მემანქანეს აქ ადგილზე დაუფიქსირდათ კოვიდი და პირდაპირი კონტაქტები ვინც იყო, ისინიც სამსახურში დატოვეს" – ამბობს მეტროს მემანქანე რატი კაპანაძე, "მთავართან" საუბრისას.
მეტროს მემანქანეები დედაქალაქის მერიას და მერიის დაქვემდებრებაში მყოფ სატრანსპორტო კომპანიას ადანაშაულებენ, ამბობენ რომ მათ დროულად ტესტი არ გაუკეთეს და კოვიდინფიცირებულებთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი თანამშრომლებსაც ამუშავებენ და სატრანსპორტო კომპანია უარს ამბობს ახალი გრაფიკის შემოღებაზე.
სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი მეტროს თანამშრომლები იზოლაციაში არიან, ტესტი ყველას დროულად უკეთდება, მემანქანეების მოთხოვნას კი, ახალ გრაფიკზე ვერ მიიღებენ.
"მათ მიერ შემოთავაზებული გრაფიკი გამოიწვევდა დისკომფორტს მგზავრებში, უნდა შემცირებულიყო მეტროს მუშაობის დრო და გაზრდილიყო ინტერვალი, რაც გაზრდიდა ხალხმრავლობას მეტროს ვაგონებში და სადგურებში და ინფიცირების, მათ გაავრცელეს ეს განცხადება, ეს არის ჩვეულებრივი პროფკავშირი" – ამბობს თამაზ რობაქიძე, სატრანსპორტო კომპანიის პრესსპიკერი.
როგორ გაგრძელდება მეტროპოლიტენის მუშაობა,როცა მეტროს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის მემანქანეთა 80%–ის მუშაობაა საჭირო, სავარაუდოდ დედაქალაქის მერიისგან, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი,
შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის "ერთობა 2013-ის" განცხადებით, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი კორონავირუსით ინფიცირებულია.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის" განცხადებით, დღევანდელი, 25 ნოემბრის მონაცემებით მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული