თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის "ერთობა 2013-ის" განცხადებით, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი კორონავირუსით ინფიცირებულია.
"ეხლა არსებული სიტუაცია კი ურთულესია, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს იმ დროს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა, რაც დამსაქმებელს მოუწოდებს რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლიაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა. რამაც გამოიღო შედეგი და როგორც ავღნიშნეთ თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო", - წერს პროფკავშირები.
"ერთობა 2013" შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს აკისრებს. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ საჭიროა სასწრაფოდ მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს, მათ შორის რამდენიმე ხნით შეჩერებაც, რადგან ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.