მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ - ხმაურიანი სპეცოპერაციის საქმე სტრასბურგში  

გამოქვეყნდა:

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ახლა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

მედიკო მარგოშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში "ოცნების" ხელისუფლება მისი შვილის მკვლელობის საქმეს არასოდეს გამოიძიებს, თუნდაც საქმე ძიებაში თავიდან მიეცეს. 

ოჯახისთვის დღეს განსაკუთრებით მძიმე დღეა, თემირლან მაჩალიკაშვილი 21 წლის უნდა გამხდარიყო. 

მალხაზ მაჩალიკაშვილიც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი შვილის საქმე არასოდეს გაიხსნას. მისი მოთხოვნა უცვლელია, დაბრუნდეს საქმე გამოძიებაში და დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც 19 წლის თემირლანი სპეცოპერაციისას მოკლა და ისიც, ვინც მოკლული ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში დაადანაშაულა და ოჯახი სამუდამო სირცხვილისთვის გაწირა.

თემირლანის მკვლელობისა და სამი წლის წინ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება ხეობელების ღირსების საქმეა. მათი თქმით, ქისტებისთვის შეურაცხმყოფელია რომ მათი თემის წევრი ტერორიზმში დაადანაშაულეს და ახლა ყველა პანკისელი იმავე საფრთხის წინაშე დგას. 

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტების თქმით, სტრასბურგის სასამართლო საქმეს მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ დაჩქარებული წესით იძიებს. 

ხელისუფლებას კი არ აქვს არც ერთი მყარი არგუმენტი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, რაც 19 წლის მოკლული ბიჭის ტერორიზმთან კავშირს დაადასტურებს. 

თემირლან მაჩალიკაშვილი დუისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს საკუთარ საძინებელში 2017 წლის 26 დეკემბერს მოკლეს. სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა.  ოპერაციისას ოთხი პირი ტერორისტებთან მოკავშირეობის ბრალდებით დააკავეს.  

სუს-სა და პროკურატურაში აღძრული საქმე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიხურა. ოჯახი სამი წელია ითხოვს, დაამტკიცოს საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა, რომ თემირლანი ნამდვილად იყო კავშირში აჰმედ ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან, თუმცა ახლა მათ ერთადერთ იმედად სტრასბურგის სასამართლო რჩება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი