"ბრალდების კითხვები ეხებოდა ჩემს სხვადასხვა ტელეეთერებს" - კარტოგრაფების საქმეზე ნინო კალანდაძე დაიკითხა

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, რომელიც დღეს  "კარტოგრაფების საქმესთან" დაკავშირებით გამოკითხეს ამბობს, რომ გამოძიებას კითხვები ჰქონდა ტელეეთერებში გაკეთებულ განცხადებებზე და არა იმ  სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. კალანდაძის თქმით, გამოძიება არც მისი თანამდებობაზე ყოფნი პერიოდით დაინტერესებულა.

კალანდაძე ამბობს, რომ გამოძიებას ძალიან უჭირს გაამყაროს საკუთარი ვერსია და გაამართლოს გამოძიების დაწყება აბსურდულ საქმეზე:

"ბრალდების კითხვები საერთოდ არ ეხებოდა ჩემს საქმესთან კავშირს, საერთოდ არ ეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს, უფრო მეტიც, საერთოდ არ ეხებოდა ჩემი საქმიანობის პერიოდს საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ ეხებოდა ჩემს ეთერებს, სხვადასხვა ტელეეთერში, სიმართლე გითხრათ მე გამიჭირდა კონკრეტული კითხვის გაგება, რა აინტერესებდათ ამ ჩემს პასუხთან დაკავშირებით, ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ძალიან უჭირს, რომელსაც ბრალდება ვერ კრავს, მაგრამ აქვს მკაფიო პოლიტიკური დავალება, რომ ამ საქმიდან რამე გამოაძვრინოს.",– ამბობს ნინო კალანდაძე.

საქმის პროკურორი კი ამბობს რომ ნინო კალანდაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის დროს, აკეთებდა განცხადებას, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანს ეკუთვნოდა და მათი კთხვებიც სწორედ ამ პერიოდს უკავშირდებოდა.

კალანდაძისგან განსხვავებით, პროკურორი ამბობს რომ მისი კითხვები რელევანტური იყო, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს:

"ნინო კალანდაძეს ჩვენ დავუსვით აბსოლუტურად ყველა რელევანტური კითხვა, მათ შორის ბუნებრივია უმთავრესად კითხვები მიემართებოდა მის საჯარო განცხადებებს, სადაც ის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აცხადებდა რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და მიეკუთვნებოდა აზერბაიჯანს." – ამბობს პროკურორი მიხეილ სადრაძე.

შეგახსენებთ რომ კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლოს პასუხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას მიიღებს იმ სადავო რუკებთან დაკავშირებით, რომლებიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას კაბინეტებიდან ამოიღეს.

აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. მელაშვილსა და ილიჩვას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი