თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქისგან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ავტომობილი იქირავა, რომელსაც სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულს ანალოგიური დანაშაული წარსულშიც არაერთხელ ჩაუდენია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქისგან იქირავა ავტომობილი, რომელსაც სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაშლილი ავტომობილი თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. პოლიციის მიერ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ.-მ ანალოგიური დანაშაული წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა. ბრალდებულს სხვადასხვა პირისგან თაღლითური სქემით რამდენიმე ავტომობილი აქვს მითვისებული, რომელთა ნაწილი სამართალდამცველების მიერ უკვე ამოღებულია ნივთმტკიცებად. სხვა ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენისა და ნივთმტკიცებად ამოღების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, - ნათქვამია უწყების განხცხადებაში
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.