შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის დიღმის ფილიალში შეიჭრა. ბანკში ამ დროს მხოლოდ ორი თანამშრომელი იყო. თავდამსხმელმა იარაღის მუქარით ერთ-ერთ მოლარეს თანხა გამოსძალა და ადგილიდან მიიმალა. რა თანხა წაიღო ჯერ უცნობია.
ყაჩაღობა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე დღის 12 საათზე მოხდა. საქართველოს ბანკის ამ ფილიალს კი მოპირდაპირე ქუჩიდან დიღმის პოლიციის განყოფილება უყურებს. მძარცველი ამ ფაქტს არ შეუფერხებია და არც სათვალთვალო კამერებს მორიდებია.
პოლიციის განყოფილების მიმდებარედ მიკროსაფინანსო კომპანიაში დღისით, ხალხის თვალწინ შეიჭრა და მძევლების აყვანა არც ლევან ზურაბაშვილისთვის ყოფილა შემაფერხებელი.
შეიარაღებული ყაჩაღობის ყველაზე მძიმე და გახმაურებული შემთხვევიდან უკვე თვეზე მეტია გასული, თუმცა დამნაშავის დასაკავებლად პოლიციამ ვერაფერი გააკეთა. უცნობია სად არის ბადრი ესებუა.
ბრალდებულმა საქართველოს ბანკი ზუგდიდში მძევლებით, რომელთა შორის პოლიციის უფროსიც იყო ისე დატოვა, რომ ვერც მისი და ვერც წაღებული ნახევარი მილიონი დოლარის ვერავინ ვერაფერი გაიგო.
პოლიციამ ვერც იმ 1 მილიონ ლარს და ვერც მძარცველებს ვერ მიაგნო, რომლებმაც ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან წაიღეს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფის იატაკიდან შევიდნენ.
ბანკების გარდა, ხშირია თავდასხმა საინკასაციო მანქანებსა და ინკასატორებზე.
ეს მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც 2020 წელს მოხდა. მძარცველების უმრავლესობა კი ამ დრომდე ვერც იდენტიფიცირებულია და ვერც დაკავებული.