მაშინ, როდესაც სახელმწიფოს დახმარების იმედი ამოწურული გვაქვს და ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის გამოწვევებს ვერ უმკლავდება, სწორედ ამ დროს ღვივდება მოსახლეობაში ნაპერწკალი, რომელიც გვიბიძგებს, ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ
ერთ ერთი პირველი სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი იყო. სულ რაღაც ერთ დღეში ათასობით ადამიანი შეუერთდა. ეხმარებიან ყველას, ვისაც ეყოფა: სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, ხალხს, რომელსაც ტრანსპორტის გაუქმების გამო გადაადგილების პრობლემა შეექმნა და ულუკმაპუროდ დარჩენილ ოჯახებს. უმძიმეს სიტუაციაში ერთბაშად ასობით ათასი ადამიანები აღმოჩნდა. მათ დასახმარებლად მთელი საქართველო გაერთიანდა.
ეკონომიკური კრიზისის და გაძვირებული ფასების წინაშე ყველაზე დაუცველები პენსიონერები აღმოჩნდნენ. პენსია მედიკამენტების შესაძენადაც არ ყოფნით, საკვებზე საუბარიც ზედმეტია.
ქვეყანაში გადაადგილების პრობლემა გაჩნდა, სწორედ ამიტომაც რამდენიმე ადამიანმა საკუთარ თავზე აიღო ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირება და მათ საკუთარი მანქანებით მოემსახურონ.
ერთ ერთი თამარ კერძაიაა, რომელიც ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის, განათლების კომიტეტის თავჯდომარე და ციფრული განათლების ცენტრის დამფუძნებელია. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ის 3 წლის ბიჭს მოემსახურება, რომლესაც ცერებრალური დამბლა აქვს და ყოველდღიურად ესაჭიროება თერაპიაზე სიარული.
ტრასპორტირებასთან ერთად თამარი მეგობრებთან ერთად ახალი პრატფორმის გაკეთებას გეგმავს, რომელიც სოციალურ ქსელში30 ნოემბრიდან გააქტიურდება მიზანი უსახლკაროების დახმარება იქნება.
ექიმები მძიმე სამუშაო გრაფიკის დასრულების შემდეგ ისევ პაციენტებზე ფიქრობენ და ცდილობენ მათ სხვადასხვა გზით დაეხმარონ.
აშშ-ში წარმატებულმა ტელენევროლოგმა დავით მრელაშვილმა კოვიდინფექციის წინააღმდეგ, ჯანდაცვის სისტემის გამართულად მუშაობის მიზნით, ბინაზე მყოფი პაციენტების მკურნალობის ახალი მოდელი შეიმუშავა.
ის თებერვლიდან, როცა საქართველოში პირველი კოვიდპაციენტი გაჩნდა, მუდმივად აქვეყნებდა სამედიცინო ხასიათის წერილებს და სამშობლოში უცნობი ვირუსის პირისპირ დარჩენილ კოლეგებს მკურნალობის ახალ გზებს და მეთოდებს უზიარებდა.
ინფიცირებულთა რიცხვის კრიტიკული მატების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა და მშობლიურ კახეთში ტელემედიცინის პლატფორმა შექმნა.სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად უკვე 400-მდე პაციენტს ემსახურება.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პარალელურად ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება, იზრდება უმუშევართა რიცხვიც. სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა ჩვენს მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფოს კი, რაც შეუძლია იმასაც ვერ აკეთებს, ეპიდემიას ვერ მართავს, მთლიანად კეტავს ქვეყანას რამდენიმე თვით, შემდეგ ისევ ხსნის და შემდეგ ისევ კეტავს და ასე გრძელდება უკვე რამდენიმე თვეა უსასრულოდ.