
დღეს მაღაზიათა ქსელ "კარფურში" საახალწლო პროდუქცია, განსხვავებით "სუფთა სახლისა" და "ფრესკოსგან", ჩვეულებრივად იყიდება.
იმას, რომ "კარფურს" სხვა მაღაზიების მსგავსად, არ აეკრძალა საახალწლო პროდუქტის გაყიდვა, "კარფურის" მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტოებიც ადასტურებს, რომელიც "კარფურის" ერთ–ერთ ფილიალშია გადაღებული.

"კარფურის" ერთ–ერთმა მომხმარებელმა, დღეს სოციალურ ქსელში ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მან საახალწლო სათამაშოები, ყველანაირი შეზღუდვების გარეშე, შეიძინა.
კარფურის პიარის ჯგუფის ხელმძღვანელიც, "მთავართან" ადასტურებს, რომ "კარფურში" საახალწლო პროდუქცია ჩვეულებრივად იყიდება.
დღეს, საახაწლო პროდუქციის გაყიდვის შეზღუდვის ამსახველი ფოტო ფეისბუქზე "სუფთა სახლის" მომხმარებელმა გაავრცელა.
"მთავარი" დაუკავშირდა სუფთა სახლის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც ამბობს, რომ კომპანიაც გარკვევის პროცესშია, რატომ უკრძალავს მაკონტროლებელი ორგანო, მოქმედ მაღაზიას მხოლოდ 1 სახეობის პროდუქციის გაყიდვას.
საქართველოს მთავრობა არ ადასტურებს, რომ საკოორდინაციო საბჭომ, რომელიმე მაღაზიას, მათ შორის, "სუფთა სახლს" შეზღუდვები დაუწესა საახალწლო პროდუქციაზე.
ამის მიუხედავად, მაღაზიათა ქსელის "ფრესკოს" მომხმარებელი, სოციალურ ქსელში სტატუს ავრცელებს, რომლის მიხედვით, "ფრესკოში" სასურსათო პროდუქცია იყიდება, საახალწლო განათებების და სათამაშოების შეძენა კი მომხმარებელს არ შეუძლია.
აქვე, "სუფთა სახლისგან" და "ფრესკოსგან" განსხვავებით, დღეს მაღაზიათა ქსელ "ნიკორაში" საახალწლო ნათურები, ჩვეულებრივად იყიდება, თუმცა არა სათამაშოები.
მსგავს შეზღუდვებზე პასუხისმგებელი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე, "მთავარი არხის" ზარს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
შეზღუდვები არ ეხება, სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას.