რემდესივირი "შავ ბაზარზე" და თენგიზ ცერცვაძის ექსპერიმენტი - პრივილეგირებული პაციენტები

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში COVID-19-ით 37 ადამიანი გარდაიცვალა, უმძიმეს მდგომარეობაშია კიდევ 800- მდე პაციენტი.

ყველა მათგანის ოჯახისთვის დღეს შოკისმომგვრელი იყო ქვეყნის მთავარი ინფექციონსიტის განცხადება, რომ ის ვირუსით სიკვდილისგან პრეპარატმა იხსნა, რომელიც საქართველოში არ არის და სპეციალურად მისთვის საზღვარგარეთიდან გამოაგზავნეს. 

25 ნოემბერს, მაშინც, როდესაც ცერცვაძე მიუთითებს, რომ პრეპარატი ჩართო საკუთარი მკურნალობის პროცესში, პრემიერმა განკარგულება გამოსცა, ინფექციურმა საავადმყოფომ კი შესყიდვის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა. 

განცხადებაში წერია, რომ პრეპარატი ლეტალობის შედეგს ამცირებს. სწორედ აქ გაჩნდა მთავარი კითხვა, თუ მართლაც ასე იყო, რატომ არ შეიძინა ხელისუფლებამ რემდესივირი 3-4 თვის წინ, ან რატომ არ ყიდულობს ახლა დაჩქარებული წესით, როცა დღეში 30-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

ირკვევა ისიც, რომ რემდესივირი, რომელიც ცერცვაძემ გამოიყენა ამერიკული წარმოებისაა, ხელისუფლება კი სხვას, ბევრად იაფფასიან პრეპარატს შეიძენს- 26 დოლარად ღირებულ წამალს, რომელიც "შავ ბაზარზე" თავისუფლად საქართველოშიც იყიდება. 

ექიმების ნაწილის მტკიცებით, რემდესივირის გარკვეული რაოდენობა მთავარ ინფექციონისტს უკვე ვირუსის პირველ ეტაპზე ჰქონდა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ შესყიდვაზე მოთხოვნა უკვე გაგზავნილია და უახლოეს დღეებში პრეპარატი, რომლის მოხმარებისთვის ახალი პროტოკოლი შემუშავდა ქვეყანაში შემოვა, თუმცა, ტიკარაძეს არ განუმარტავს, რატომ შეიცვალა მთავრობამ პოზიცია სწორედ ახლა. 

რაც არ თქვა ტიკარაძემ - განმარტა გამყრელიძემ, გადაწყვეტილების მიზეზი მთავარი ინფექციონისტის ექსპერიმენტი გახდა. 

მედიკოსები გადაჭრით ამბობენ, რომ ყველა კვლევამ საქართველოს საზღვრებს მიღმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ეს პრეპარატი მკურნალობის პროცესში არ უნდა ჩაერთონ. ლეტალობას არ ამცირებს და ამ პრეპარატში ფულის გადახდა ბიუჯეტიდან თანხის ფლანგვაა, როცა ჯანდაცვის სექტორში სხვა ათობით პრობლემაა მოსაგვარებელი.

შესაბამისად, ცერცვაძის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყოველგვარი კვლევის გვერდის ავლით ქვეყანა 104 ათას დოლარად იყიდის წამალს, რომლის ეფექტურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ექიმების ნაწილის მტკიცებით, რეალურად მთავარმა ინფექციონისტმა პანდემიის პიკში მოქალაქეებს ცრუ იმედი მისცა და საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობაც გამოიყენა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი