გორის ცენტრში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი სასწრაფოს დაგვიანების გამო ქუჩაში გარდაიცვალა. მამაკაცი ქუჩაში შეუძლოდ გახდა და დახმარება ითხოვა. მოქალაქეებმა სასწრაფო მაშინვე გამოიძახეს თუმცა, მედიკოსების ჯგუფი ადგილზე მამაკაცის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ მივიდა.
გორსა და მის ასზე მეტ სოფელს ამ დროისთვის სულ სასწრაფოს 3 ავტომანქანა ემსახურება. დანარჩენების სამუშაოდ ექიმები აღარ ჰყოფნით. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სოფლებში დგას, სადაც გამოძახებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა ხშრად ადგილზე საერთოდ არ მიდის.
გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ მათი კოლეგების ნაწილი კოვიდინფიცირებულია, ნაწილი კი თვითიზოლაციაშია.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 ათასზე მეტ ადამიანს სასწრაფოს სამი ჯგუფი არ ჰყოფნის, მით უფრო, რომ ყოველი გამოძახების შემდეგ, რეგულაციის მიხედვით, სასწრაფო დახმარების მანქანა თითქმის ერთი საათის განმავლობაში უნდა დამუშავდეს. ექიმები არც იმას მალავენ, რომ მუშაობა უმძიმეს პირობებში უწევთ.
ოპოზიცია რეგიონში არსებულ მძიმე რეალობაზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კი ჯიუტად ირწმუნება, რომ მთავრობა ვითარებას აკონტროლებს.
ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ დაამშვიდა, საწოლფონდი საწოლბრუნვით ჩაანაცვალა და სამთავრობო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ კლინიკაში მძიმე პაციენტის დაწოლა პრობლემა არ არის.
მოქმედი კოვიდკლინიკების თანამშრომლები ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ადგილები არ აქვთ, საწოლების გათავისუფლების შემთხვევაში კი გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახური მათ მაშინვე ავსებს, შესაბამისად მედიკოსებს არ შეუძლიათ თავისუფალი ადგილების ზუსტი რაოდენობის დასახელება.
კითხვაზე შესაძლებელია თუ არა კოვიდ ინფიცირებულის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში მისი კლინიკაში გადაყვანა პასუხის მისაღებად 112-ზე დავრეკეთ, ათი წუთის განმავლობაში ავტომოპასუხე მოთმინებისკენ მოგვიწოდებდა, ბოლოს კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა გვითხრა, რომ მათ წვდომა არანაირ ბაზაზე არ აქვთ და ოჯახის ექიმს უნდა მივმართოთ.