"ვეხვეწე, კლინიკაში გადაიყვანეთ, დიაბეტიანი ბავშვი მყავს-მეთქი" - კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ შვილის დაღუპვის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა, რეაგირება და პაციენტის არასწორი მართვა გახდა. 

დაინფიცირების შემდეგ 19 წლის თეკლა თორდია კოვიდსტატუმროში მოათავსეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამის მიუხედავად, მისი გადაყვენა 6 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა ვერც ერთ კოვიდმიმღებ კლინიკაში. მოგვიანებით ადგილი "გერმანულ ჰოსპიტალში" გათავისუფლდა, თუმცა 112-მა მისი ჰოსპიტალიზაცია დააგვიანა და კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმე იყო. 

"დახმარებაც კი ვერ აღმოუჩინეს ნორმალურად. დავრეკე სასწრაფოში და ვუთხარი, დიაბეტიანი ბავშვი მყავს, რისკი ჯგუფია, გეხვეწებით, ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ-მეთქი. სასწრაფო რომ მოვიდა, ტესტირებაზე წაგვიყვანეს და ვირუსის დადასტურების შემდეგ ისევ სახლში დაგვაბრუნეს. კოვიდსასტუმროში როცა წაიყვანეს, დამძიმდა, შაქარიც აეწია, წყლის მიმწოდებელიც კი არავინ ჰყავდა. ექიმს საერთოდ არ შეუხედავს მისთვის. ხვეწნა-მუდარის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ დაგვიანებული იყო, რემდესივირზეც უარი გვითხრეს. დექსამეტაზონი გადაუსხეს, მაგრამ ეს არ შეიძლებოდა, ბავშვი დიაბეტიანი იყო", - ამბობს გარდაცვლილის დედა, ირმა ხელაშვილი.

ექიმი ამბობს, რომ 19 წლის გოგო კლინიკაში შეყვანისას უკვე კრიტიკულად მძიმე იყო. "პაციენტს თანმხლები დაავადებაც ჰქონდა, რომელიც რაღაც პერიოდში არ იყო გონივრულად ნამართი" - ამბობს გერმანული ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი, ეკატერინე ლორია. 

ჯანდაცვის ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ პაციენტის დაღუპვა დაგვაინებულმა რეაგირებამ გამოიწვია. 

"მას ვერ დაეხმარნენ კვალიფიციურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გარდაცვლების თავიდან აცილება 100%-ით შესაძლებელი იყო", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით დამატებით 36 ადამიანი გარდაიცვალა.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი