"მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი", გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ არანაირი რეგულაცია არ უნდა არსებობდეს და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია, ვინ როგორ მოიქცევა პანდემიის დროს. მისი თქმით, მოქალაქეს აქვს უფლება გარისკოს ან თავის თავს თვითონ დაუწესოს რეგულაციები.
არანაირი რეგულაცია არ უნდა იყოს, ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. მე თუ მინდა და ვრისკავ - ჩავდივარ და ვვარჯიშობ, თუ მინდა და ვრისკავ - მივდივარ და ვმუშაობ, ჩემი პასუხისმგებლობის საკითხია ამას ვაკეთებ თუ არა, ისევე როგორც სხვა ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხია, ისინი თავად წყვეტენ, იცავენ ჩემთან მიმართებაში დისტანციას თუ არა, გაიკეთებენ პირბადეს, თუ არა. მე ვწყვეტ - მე როგორ მოვიქცე, ის წყვეტს, ის როგორ მოიქცევა, გამომდინარე იქედან, რა რეალობაში უწევს მას ყოფნა. თუ ჩემ შვილებს შია და მე არა მაქვს მათთვის საჭმელი, კი, გავრისკავ, წავალ და ვიმუშავებ, ყველაფერს გააკეთებს კაცი, რომ შვილებს არ შიოდეთ, - ამბობს გადაცემაში ზურა ჯაფარიძე.
ზურა ჯაფარიძე ბათუმის ფიტნეს კლუბებთან დაკავშირებულ ინციდენტსაც შეეხო და განაცხადა, რომ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლების რეგულაციებს არ ემორჩილებიან და ამას საჯაროდ აკეთებენ, არიან ნამდვილი ბიზნესმენები და არა "ცეხავიკები" რომელთა შესახებაც აქამდე გვსმენია.
ეს ადამიანები არიან ახალი ქართველები, განსხვავდებიან სხვა "ცეხავიკებისგან", მთავრობასთან რომ მიდიან და გავამხნევეთო, იძახიან... მათ თვითონ შექმნეს თავიანთი ცხოვრება და იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის. პრინციპული განსხვავება არის: გიორგისთან რომ შედიხართ ფიტნეს ცენტრში, ილია ჭავჭავაძის ციტატები უწერია კედელზე და შედით ფხაკაძეებთან "ვისოლის" მთავარ ოფისში და შეადარეთ, რა კრედო აქვთ იმ ადამიანებს, ვინც არიან ჩახუტებულები მთავრობასთან, ამ ჩახუტებაში, ისევე როგორც კომპარტია და "ცეხავიკები" იყვნენ ჩახუტებულები, ან ფულს იღებენ ბიუჯეტიდან, ან პრივილეგიებს.
ეს ხალხი არის უნიკალური მოვლენა, რადგან მათ ამოიღეს ხმა და შეუძლებელია, ამას არ ჰქონდეს გრძელვადიანი ეფექტი, ასეთი ადამიანები კიდევ გამოჩნდებიან, რადგან თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერი არ არის, არ შეიძლება, მონა იყო როდესმე, რომელიმე მთავრობის და რის გამო დაგიმონებენ, არა აქვს მნიშვნელობა: იმის გამო დაგიმონებენ, რომ რუსეთი არის საფრთხე, იმის გამო დაგიმონებენ, რომ პანდემიის საფრთხეა თუ იმის გამო, რომ კიდევ რაღაც დიადი მიზანი არსებობს, რასაც უნდა მიაღწიო, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს - ან ხარ მონა, ან არ ხარ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე "დღის სტუმარში".
"გირჩის" ლიდერის თქმით, სწორედ ამ ფიტნეს-კლუბების მფლობელები არიან პირველები, ბიზნეს საზოგადოებაში, რომლებმაც ხმამაღლა თქვეს, რიომ მონები არ არიან და ასეთები კიდევ ბევრნი გამოჩნდებიან.
შეგახსენებთ, ფიტნეს კლუბ "რეფორმერის" მფლობელი, გიორგი ფუტკარაძე, სამართალდამცველებმა 10 000 ლარით დააჯარიმეს. "რეფორმერი" დაჯარიმების მიუხედავად, არც გაჩერებას და არც ჯარიმის გადახდას აპირებს.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ფიტნეს კლუბი "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ იქირავა. ის კვირაში ერთხელ ბათუმში ჩასვლას და ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესბეული სტუმრების მასპინძლობას აპირებს.