პანდემიურ ქაოსს შეწირული 19 წლის გოგონას ისტორია - კოლაფსი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს

გამოქვეყნდა:

"მახველებს, მაციებს, მარშუტკაში ვარ, სუსტად ვარ" - ესაა 19 წლის თეკლა თორდიას ბოლო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც მამას მისწერა. ამ დროს სამარშრუტო ტაქსით კოვიდსასტუმროდან უკვე მძიმე მდგომარეობაში კომპიუტერული ტომოგრაფიის გადასაღებად საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილები იქაც არ იყო.  სასტუმროში დააბრუნეს. ამის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. კოვიდ სასტუმროში მოხვედრამდე ოჯახი 5 დღე უშედეგოდ ითხოვდა დიაბეტიანი, ინფიცირებული გოგონა  საავადმყოფოში გადაეყვანათ, რადგან სასტუმროში მისი მართვა შეუძლებელი იქნებოდა. სასწრაფოს ექიმების პასუხები შოკისმომგვრელი იყო. 

ერთ წრეზე ვტრიალებდით, სასწრაფოს ვთხოვდით გადაეყვანა კლინიკაში ვუხსნიდით... ადგილები არ არისო...ხუთი დღე ვრეკავდით, ჯანდაცვა სასწრაფოში გვამისამართებდაა. კოვიდსასტუმროში წაიყვანეს, იქ ჟანგბადიც კი არ ჰქონდა... - იხსენებენ თეკლას მშობლები.

უკვე გართულებულ მდგომარეობაში თეკლა სასტუმრო "ბომონდ გარდენში" სასწრაფომ მიიყვანა. ამის შემდეგ იწყება ტრაგედიის მეორე, მთავარი ნაწილი, პაციენტის მართვას კოვიდსასტუმროს ექიმები ვერ ახერხებდნენ. სიცხის დამწევ წამლებსაც კი ოჯახის წევრები უგზავნიდნენ. ხუთი დღის განმავლობაში ცდილობდა ოჯახი ცარიელი საწოლი ადგილის პოვნას, თუმცა უშედეგოდ. კოვიდსასტუმროში მისულ სასწრაფოს ექიმს თეკლას დედა დახვდა. ურჩიეს, ნაცნობები მინისტრის დონეზე მოეძებნათ. 

სასწრაფოს ექიმმა მითხრა აი ტელეფონი, დარეკე სამინისტროში თუ იცნობ ვინმესო წამლებს ვუგზავნიდი ყველაფერს მე ვაწვდიდი... უპასუხისმგებლობა და მართვა რომ ვერ შეძლეს, ეგაა შედეგი, - ამბობს თეკლას დედა. 

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგოს დახმარება კოვიდსასტუმროში მყოფმა ინფიცირებულმა ნაცნობობით შეძლო. ფილტვის 20% დაზიანებით, სუნთქვის მძიმე უკმარისობითა და მაღალი შაქრით, 19 წლის თეკლა გერმანულ ჰოსპიტალში მოხვდა. დღეს კლინიკის მენეჯერმა მედიასთან არ დამალა, რომ პაციენტის მოვლა სასტუმროში ვერ შეძლეს და ამის გამო მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა.  

თავად კოვიდსასტუმროში პასუხი არ აქვთ. ჩვენ გადამღებ ჯგუფს სასტუმროს წარმომადგენელი პასუხისმგებელი პირი დაემალა. ჯანდაცვის სამინისტროში არ სჯერათ, რომ შესაძლოა, გოგონა საავადმყოფოში დაგვიანებით გადაყვანის გამო დაიღუპა, ოჯახს კი იმით ამშვიდებენ,  რომ ტრაგედიის დასადგენად მოკვლევა დაწყებულია. ეკატერინე ტიკარაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ ოჯახის ექიმმა მიიღო გადაწყვეტილება, პაციენტი კოვიდსასტუმროში გადაეყავანათ, თუმცა, რასაც მინისტრის მოადგილე ამბობს, სიმართლე არ არის. ოჯახის ექიმს თორდიები საერთოდ ვერ დაუკავშირდნენ, კლინიკებში თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო კი გოგონას გადაყვანა მხოლოდ კოვიდსასტუმროში მოხერხდა. მხოლოდ ეს ერთი ტრაგიკული ისტორიაც კი საკმარისია იმის დასტურად, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის  სრული კოლაფსია და კრიზისს ხელისუფლება ვერ უმკლავდება. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალია, მმართველმა გუნდმა ეს კრიზისი დროულად აღიაროს და დახმარება პროფესიონალი ჯანდაცვის მენეჯერებისგან მიიღოს. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ახალგაზრდა პაციენტის გადარჩენა გადატვირთული კლინიკების, უჟანგბადობისა და ქაოსის გამო ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღის წინ ბათუმში დიალეზზე დამოკიდებული 12 წლის გოგონა დაიღუპა. აჭარიდან თბილისის გზაზე რეანომობილით მძიმე მდგომარებაში პაციენტი ისე გაგზავნეს, სასწრაფოს მანქანას ჟანგბადიც კი არ ჰქონდა. პაციენტი კოპიტნართან გარდაიცვალა. მოკვლევა იქაც დაიწყო, თუმცა გარდაცვალების მიზეზი დღემდე ცნობილი არ არის, ხელისუფლებაში პასუხისმგებელი პირები კი ჯიუტად ირწმუნებიან, რომ ვითარება მართვას ექვემდებარება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი