შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კლდიაშვილზე მომხდარი დაჭრის გამო, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 2004 წელს დაბადებულ კ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - წერია უწყების განცხადებაში.
გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ამავე სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთისა და დაკავების მიზნით.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.