ქუთაისში "საუკუნის ძარცვა" გახსნილია - სმართადამცველებმა ქუთაისსა და ხელვაჩაურში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს წარსულში ნასამართლევი 2 ადამიანი დააკავეს. საქმე ეხება ქუთაისში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ძარცვას ბოლო პერიდში, რომლის დროსაც მძარცველები მიკროსაფინანსოში იატაკის ამოჭრის გზით შევიდნენ. ორგანიზაციიდან მძარცველებმა 300 000 ლარი და ორი ქისა ოქრო წაიღეს.
დაკავებული სერგო ჯავახაძე და გიორგი მეფარიძე ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომლითაც ბრალეულობა გამოიკვეთება.
ოჯახის წევრები კითხვაზე, რატომ ამოიღეს სამართალდამცავებმა ძვირფასი ნივთები ბინის ჩხრეკისას პასუხობენ, რომ ის ემიგრაციიდან ერთ-ერთი დაკავებულის დედამ ჩამოიტანა.
"ოჯახის წვერთა ძვირფასეულობას წარმოადგენს. თანხაც არის ოჯახის საკუთრება. დედამისი ახლახან ჩამოვიდა ესპანეთიდან, 270 ევროზეა საუბარი. გიორგის კერძო ბიზნესი ჰქონდა ოჯახთან ერთად", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავება ოპერაციული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, თუმცა ის უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
სამართალდამცველებმა, გ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს. ს.ჯ. კი დაკავებულ იქნა ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე.
პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ს.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები.
დანაშაულები 3-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.