ქუთაისში იატაკის ამოჭრით მიკროსაფინანსოს გაძარცვის გამო წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთში, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული გ.მ. და 1966 წელს დაბადებული ს.ჯ. დააკავეს. საქმე ეხება ქუთაისში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ძარცვას ბოლო პერიდში, რომლის დროსაც მძარცველები მიკროსაფინანსოში იატაკის ამოჭრის გზით შევიდნენ და ნახევარ მილიონამდე თანხა წაიღეს. თანხის გარდა მძარცველებმა ოქროს ნივთებიც მოიპარეს.

"გ.მ.-ს ბრალი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობაში ედება. ს.ჯ. კი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული", - წერია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, გ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს. ს.ჯ. კი დაკავებულ იქნა ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე.

პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ს.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები.

გ.მ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ს.ჯ.-ს მიმართ კი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დანაშაულები 3-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი