გვრიტიშვილის პროექტი - უზენაესის მოსამართლეების შერჩევისას კითხვის დასმა და მედიის დასწრება იზღუდება

გამოქვეყნდა:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე იუსტიციის საბჭო შეზღუდვებს აწესებს. დადგენილების თანახმად, საჯარო მოსმენაზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. ამის მიზეზად კი, საბჭო კორონავირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას ასახელებს.

"სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების რაოდენობის, აგრეთვე - ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეზღუდოს საჯარო მოსმენაზე დამსწრე პირთა რაოდენობა. მოსმენის დაწყების შემდეგ დაინტერესებული პირები დარბაზში აღარ დაიშვებიან", - წერია დადგენილებაში.

იზღუდება მედიის წარმომადგენლების მიერ პროცესის გადაღების უფლებაც. ვიდეო და ფოტოგადაღება დასაშვები იქნება მხოლოდ საჯარო მოსმენის დაწყებისას. ამასთან, მცირდება გასაუბრებისას კითხვა-პასუხის დროც.

"საბჭოს წევრს თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისათვის გამოეყოფა დრო - 30 წუთი. საბჭოს წევრის მიერ კანდიდატთან გასაუბრების დროის გაგრძელება დასაშვებია, საბჭოს წევრის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს ძირითადი დროის ნახევრისა - 15 წუთისა", - ვკითხულობთ დადგენილებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამარლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, დადგენილების პროექტის ავტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილია, რომელიც თავადაც ერთ-ერთი კანდიდატია. 

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ამ პროექტით, გვრიტიშვილი და სასამართლო "კლანი" პირადად მას უზღუდავს კითხვის დასმის უფლებას, სამაგიეროდ კომფროტს იქმნის საკუთარი თავისა და საკუთარი ფავორიტებისთვის:

"ამ დადგენილების პროექტის ავტორი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ეხება, არის დიმიტრი გვრიტიშვილი (ან მის კომპიუტერში მომზადდა). ეს პიროვნება თვითონ არის კანდიდატი და გასაუბრებაზეც თვითონ უნდა გამოვიდეს. გამოდის, რომ თავის თავს და სხვა კანდიდატებს უწერს რეგულაციებს", - წერს ნაზი ჯანეზაშვილი. 

აქვე შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 19 ნოემბერს 36 ახალი მოსამართლე დანიშნა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი