ქვეყნის მასშტაბით, სარესტორნო ბიზნესი განადგურების ზღვარზეა. ასობით რესტორანი, კაფე-ბარები და კვების ობიექტები, ყოველდღიურად იხურება, ათასობით თანამშრომელს კი სახლში უშვებენ.
კვების ობიექტების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მიტანის სერვისზე მუშაობა წამგებიანია.
გურამ ბაღდოშვილს, თანამშრომლების ნაწილი სახლში რომ არ გაეშვა, მაღალკვალიფიციური ბარმენები კურიერებად გადააქცია და ამით თანამშრომლების ნაწილი შეინარჩუნა.
თუმცა, თუ ხელისუფლება ახლა სარესტორნო ბიზნესს არ დაეხმარება და მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, რესტორნების უმრავლესობა ლოქდაუნის შემდეგ მუშაობას ვეღარ განაახლებს .
რესტორნების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას წერილით დღეს მიმართეს. ბიზნესი ხელისუფლებას შეხვედრას და დახმარებას სთხოვს.
სარესტორნო ბიზნესი დასაქმებული 300 000-მდე პირის ხელფასის 50%-ის კომპენსაციას, ბანკებთან შუამდგომლობასა და ერთი წლით გადასახადებისგან განთავისუფლებას ითხოვენ.
სარესტორნო ბიზნესი მთავრობამ მოატყუა. ხელისუფლება ბიზნესს დაპირდა რომ სრული ლოქდაუნი არ იქნებოდა და ქვეყნის სრულ გაჩერებას წერტილოვანი შეზღუდვები უწოდა. მოტყუებულმა ბიზნესმა მომზადება ვერ შეძლო, ამიტომ ახლა ათასობით მოქალაქე შემოსავლის გარეშე რჩება.
ათასობით მოქალაქე ახლა გიორგი გახარიასგან პასუხს ელოდება. ამ ადამიანების შემოსავალზე ბევრი მოხუცისა და ბავშვის სიცოცხლეა დამოკიდებული.