თბილისში მცხოვრებ კანადის მოქალაქეს რამდენიმე პირი თავს ნაქირავებ ბინაში შეუვარდა. ახალგაზრდა კაცი სასტიკად სცემეს და გაძარცვეს. თავის მძიმე დაზიანების შემდეგ გონზე მოსულმა აღმოაჩინა, რომ მთელი ფული წაღებული იყო.
დაზარალებული ყვება, რომ თავდამსხმელებს შორის მისი მეზობელი ამოიცნო. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს, ღამის 12 საათზე მოხდა. თავდამსხმელებმა კანადის მოქალაქის ცემა მხოლოდ მეზობელი ქალის ყვირილის შემდეგ შეწყვიტეს.
დაზარალებული "მთავარ არხს" უყვება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო. მეზობელი ნიკა ოვსიანიკოვა მას სისტემატიურად ავიწროებდა და ფულს სძალავდა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციასაც არაერთხელ მიაწოდა, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია. ნიკა ოვსიანიკოვას მხრიდან შევიწროების ფაქტს ადასტურებენ მისი ოჯახის წევრებიც.
მიუხედავად იმისა, რომ ფაქტს ჰყავს არაერთი მოწმე, მათ შორის მეზობლები, პოლიცია ამ დრომდე დუმს. მთავარი ნივთმტკიცება - ლითონის ჯოხი, რომლითაც დაზარალებულს თავი გაუტეხეს, სამართალდამცავებმა დაზარალებულს სახლში დაუტოვეს.
მასზე აღმოჩენილი ანაბეჭდებით, მარტივად შეიძლებოდა თავდამსხმელის ვინაობის დადგენაც.
რატომ არ გვიცავს პოლიცია, რომლის მთავარი დანიშნულებაც სწორედ მოქალაქეებზე ზრუნვაა, ამის გასაგებადაც ალბათ მოგვიწევს პრესცენტრს მივმართოთ.