ჯანდაცვის სისტემის კიდევ ერთი მსხვერპლი, 24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით გადაიყვანეს. როგორც ოჯახი აცხადებს, გოგონას კოვიდი მხოლოდ მესამე ტესტის შემდეგ დაუდასტურდა, ამიტომ ფიქრობენ , რომ ის კორონავირუსით, სავარაუდოდ, საავადმყოფოში დაინფიცირდა.
ოჯახის წევრი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ 24 წლის ქალი კლინიკიდან გუშინწინ უნდა გამოეწერათ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა, რის გამოც გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მცხეთის სამედიცინო ცენტრში პაციენტის მიმართ უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გოგონას მხოლოდ საძილე საშუალებებს უკეთებდნენ.
მცხეთის კლინიკის ექიმი ოჯახის ბრალდებებს არაკომპეტენტურს უწოდებს და განმარტავს , რომ გარდაცვლილს კოვიდი პირველივე ტესტზე დაუდასტურდა და ასევე აღმოაჩნდა შაქრიანი დიაბეტი. კლინიკა უარყოფს ფაქტს, რომ დაღუპულს საძილე მედიკამენტებს უკეთებდნენ.
მოთავსდა ცხელების კლინიკაში, პაციენტის მდგომარეობა იყო საყურადღებო, იყო ჭარბი წონის, თავად არ ჰქონდა ინფორმაცია რაიმე ქრონიკული დაავადების შესახებ, არანაირი დამაძინებელი საშუალება არ სჭირდებოდა, სახეზე იყო ორმხრივი პნევმონია, ხოლო იმის შესახებ, რომ თითქოს წყალს არ აწვდიდნენ პაციენტს, მე კომენტარს არ გავაკეთებ, იმდენად არასერიოზული ბრალდებაა, - ამბობს კლინიკური დირექტორი.
24 წლის განმავლობაში არასდროს შეუწუხებია შაქარს ნინო და თუ ჰქონდა და აღმოაჩნდა, საავადმყოფო იყო ვალდებული, რომ ამის შესახებ ჩვენთვის ეცნობებინა, არც იმაზე დაურეკავთ, რომ რეანიმაციაში გადაიყვანეს, შაქარი რომ ჰქონია, ამის შესახებ გარდაცვალების წინადღეს გავიგეთ, - ამბობს მარიამ გულიკაშვილი, გარდაცვლილის ნათესავი.
ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ გარდაცვლილი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული და პასუხისმგებლობას მცხეთის სამედიცინო ცენტრს აკისრებს.