"როგორ მომენატრეთ, იმედია მალე გამომწერენ" - კოვიდისა და ჩამოქცეული ჯანდაცვის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

როგორ მომენატრეთ, იმედია მალე გამომწერენ - ამ იმედიანი ხმოვანი შეტყობინების შემდეგ ოჯახმა 24 წლის ნინოსგან კიდევ ორი უმძიმესი შეტყობინება მიიღო, ოჯახს წერდა, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, სუნთქვა გაუჭირდა, გაუსაძლის ტკივილებს გრძნობს და წყლის მიმწოდებელიც კი არ ჰყავს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი შვილი უყურადღებოდ დატოვეს და წამებით მოკლეს. 

გულიკაშვილები სასწრაფოს მოსვლამდე სამი დღე უვლიდნენ სიცხიან შვილს, შემდეგ პაციენტის ტრანსპორტირება თავად გადაწყვიტეს, სასწრაფო გზად დაეწია, მიიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც ტესტის ჩატარებას რამდენიმე საათს ელოდნენ. აქ სწრაფმა ტესტმა კოვიდი არ დაუდასტურა, თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, სასწრაფომ პაციენტი მცხეთის კოვიდმიმღებ კლინიკაში წაიყვანა. სტაციონარში არ იღებდნენ. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა. ექიმებმა ოჯახს განუმარტეს, რომ ახალგაზრდა ქალს დიაბეტი აღმოაჩნდა. 

ოჯახი იმასაც ამბობს, რომ პაციენტს კოვიდ ინფექცია კლინიკაში მიყვანისას არ დაუდასტურდა, ამის დასტურად ნინოს სმს შეტყობინება მოაქვთ, სადაც ის წერს, რომ ორი ტესტის პასუხი უარყოფითი აქვს. 

ოჯახი ვარაუდობს რომ მძიმე პნევმონიასა და რესპირაციულ დაავადებას კოვიდი თან დაერთო და პაციენტი იქ კოვიდინფიცირებულების პალატაში მოთავსების შემდეგ დაინფიცირდა. 

ამ ბრალდებებს მცხეთის კოვიდმიმღები კლინიკის დირექტორი უარყოფს, უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ თანმდევი დაავადება დიაბეტი მათ აღმოაჩინეს, დამძიმების ერთ ერთი მიზეზი კი მისი მძიმე წონა აღმოჩნდა. 

70 წლის ქალი, რომელიც ქრონიკული ავადმყოფია სოფელ აღაიანში ცხოვრობს, ოთხი დღეა სასწრაფო დახმარებას ელოდება და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კოვიდ ინფექციას საკუთარი ძალებით ებრძვის. 

კასპის სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მენეჯერი  ირწმუნება, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, არცერთი პაციენტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია. თუმცა ამ მოკლე კომენტარში ილია მუსტაბაშვილი არ მალავს, რომ მაშინ როცა ბევრი პაციენტი ბრიგადის მისვლას ელის მის ახლობელს, რომელიც ინფიცირებული არ არის, სამედიცინო დახმარების ჯგუფი გაუგზავნა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში თავისუფალი საწოლი ადგილებიც არის და პანდემიის მართვაც ხერხდება, თუმცა 24 წლის ნინოს ისტორიაზე საუბრისგან თავს იკავებს.

მაშინ, როცა ჩვეულებრივი მოქალაქეები შვილებისა და მშობლების გადარჩენას ვერ ახერხებენ, მათთვის ხელისუფლებას პასუხი არ აქვს, თუმცა პასუხი აქვს ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს, რომელმაც კოვიდისგან გადასარჩენად მეგობრებს პრეპარატი უცხოეთიდან გამოაგზავნინა და ვერც ამაში და ვერც საწოლი ადგილების ნაცნობობით მოპოვებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი