ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გაფართოებული ტესტირების პირველ დღეს ანტიგენით 1 400 შემთხვევა გამოვლინდა. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.
"გუშინ იყო პირველი დღე, როცა დავიწყეთ გაფართოებული ინტენსიური ტესტირება ანტიგენ ტესტებით, ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1 400 შემთხვევა. ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები და ტესტი არის საკმაოდ მაღალი ხარისხის", - თქვა თამარ გაბუნიამ.
მისი განმარტებით მოქალაქე ჯერ ოჯახის ექიმს მიმართავს, შემდეგ მისი რჩევით სამედიცინო დაწესებულებას და იკეთებს ტესტს. გაბუნიას განცხადებით, დადასტურებული პირები ბინაზე უნდა დარჩნენ და მათ ექიმი დაუკავშირდებათ.
მისი თქმით, არაა საჭირო პაციენტება 112-ზე დარეკონ, რადგან ისინი რეკომენდაციებს ოჯახის ექიმებისგან მიიღებენ.