ჩაკეტილ ქვეყანაში ტურიზმის სექტორი უმწვავეს კრიზისშია, ადამიანების შემოსავლის გარეშე დარჩენა მათი გაღარიბების მთავარი მიზეზი ხდება.
ტურისტების გარეშე დარჩენილ ქვეყანაში ბინებს ვერ აქირავებენ. AIRBNB-ის საიტზე სახლების დაქირავება თითქმის აღარავის უნდა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულები კი ამბობენ რომ ისინი ხელისუფლებამაც მიატოვა, შეზღუდვების ფონზე მათთვის არანაირი შეღავათი არ არსებობს.
ტურიზმის სექტორის მხოლოდ ამ მიმართულებაზე 10 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მათი დიდი ნაწილისთვის ბინების გაქირავება შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე კი კოვიდპანდემიამ ისინი საბოლოოდ გაწირა.
პანდემიის პირველი ტალღის დროს მთავრობის შუამდგომლობით, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებს სესხების გადავადება შესთავაზეს, შეზღუდვების მეორე ეტაპზე კი სესხის გადავადების პროგრამა ეფექტური ვეღარ აღმოჩნდა.
გაირკვა რომ გადავადებულ სესხებს დამატებით ერიცხებოდა თანხები, რაც თვითდასაქმებული ბიზნესისთვის დამატებითი ეკონომიკური ზიანია.