31 წლის ქალი ოჯახს საკუთარ მძიმე მდგომარებაზე კლინიკიდან წერდა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტი, რომელიც საკეისროს შემდეგ, კოვიდინფექციის გამო, კიდევ უფრო დამძიმდა, ბათუმის სამშობიარო სახლში დახმარებას ვერ იღებდა. ბოლო ერთი კვირაა ქვეყანა ოჯახების ტრაგედიების ქრონიკას აღრიცხავს, ჯანდაცვის სამინისტროსთვის კი ეს სტატისტიკაა. სტატისტიკაა 31 წლის ქალის გარდაცვალებაც, რომელსაც ახალშობილი შვილი დარჩა.
დაუგვიანეს მკურნალობა ბათუმის სამშობიარო სახლში, ერთი კვირა იქ იწვა, თურმე ოფლში იწურებოდა, ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა, რატომ არც ერთმა ექიმმა არ მოიკითხა, მე მქონდა დირექტორთან საუბარი – "კარგად არის, კარგად არის". ბატონმა უნგიაძემაც ბევრჯერ მითხრა ჩემი შვილის მკურნალობა დააგვიანა იმ სამშობიარობ. იმ დღეს ვინც იყო ექიმები ყველამ აგოს პასუხი, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
დღეს კიდევ ერთი სასულიერო პირის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. ეს არ ყოფილა კოვიდით ინფიცირების ის შემთხვევა, როცა ექიმებს შეუძლიათ თქვან, რომ ინფექცია ქრონიკული დაავადებების ან ჭარბი წონის გამო დამძიმდა და ლეტალური შედეგიც ამიტომ დადგა. მამა დავით მაჩიტაძის მეგობარი და ასევე სასულიერო პირი პირდაპირ ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა პაციენტები იღუპებიან, ქვეყანაში აფეთქებული ვირუსია, რომელსაც მედიკოსები ვეღარ უმკლავდებიან.
ექიმების უყურადღებობა, გადატვირთული კლინიკები, გადატვირთული სატელეფონო ხაზები და არასაკმარისი სასწრაფო დახმარების ბრიგადები - ყველა ამ პრობლემის წინაშე დადგა ყველა ის ოჯახი, სადაც ახლა ტრაგედია ტრიალებს. 19 წლის თეკლა გუშინ დაკრძალეს, 24 წლის ნინო გულიკაშვილის ოჯახი გამოძიების დაწყებას ითხოვს, რადგან ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს არის გზა - იგივე ტრაგედია სხვა ოჯახებშიც არ განმეორდეს.
კონტაქტი მქონდა მხოლოდ საკუთარ დასთან და ექიმი არ გვეკონტაქტებოდა, არც ტელეფონს პასუხობდა, პალატის ექიმი ვინც იყო. ორშაბათს უნდა გადაეღოთ "კატე" და ამის შემდეგ უნდა გამოეწერათ, დილით კი, ასეთი რაღაც მოხდა. თვითონაც კი არ დაურეკიათ, რომ რეანიმაციაში გადაიყვანეს. ნათესავმა დარეკა მიმღებში და იქიდან გავიგეთ, ესეც წვალებით - თქვენს გამო პალატები გავიარო, რომ რეანიმაციის ნომერი გაგიგოთო?! - თქვა პაატა გულიკაშვილმა
ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე კი საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ, ისინი პასუხისმგებლობას ოჯახის ექიმებს აკისრებენ. ჯანდაცვის მინისტრი კი თვლის, რომ ხელისუფლებას კოვიდ პანდემიის პიკისთვის მომზადების პროცესში არცერთი წამი არ დაუკარგავს და უფრო მეტიც, მიაჩნია, რომ ქვეყანა, სადაც ყოველდღიურად 40-ზე მეტი ადამიანი იღუპება კოვიდით, ლეტალური შედეგის მაჩვენებლით მსოფლიოში ყველაზე დაბალ დონეზეა.