კორონავირუსით გარდაცვლილ წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარის მოძღვარს, ბერ-დიაკონ კირიონს, დღეს დაკრძალავენ. მისი ახლობლები ამბობენ, რომ სასულიერო პირს ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, რატომ დამძიმა ბერ-დიაკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
თავის მხრივ, საზოგადოებაშიც ბევრი ასეთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემის ფონზე. მოქალაქეებს ისევ რთული გზის გავლა უწევთ საავადმყოფოში მოსახვედრად. ამ პრობლემაზე საუბრობს სამოქალაქო ატივისტი, გიორგი თაბაგარიც.
"2 დღე დაგვჭირდა დედაჩემის ჰოსპიტალიზაციისთვის. მდგომარეობა ძალიან რთულია. კლინიკაში ადგილი ნაპოვნი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ კორონავირუსის ტესტის პასუხი არ ვიცოდით, სასწრაფომ პაციენტი არ გადაიყვანა. თუ არ გაქვს პრივილეგია, ხმა მიაწვდინო ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ შეაჯანჯღარონ სისტემა, განწირული ხარ", - ამბობს თაბაგარი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება - ბოლო 24 საათში ვირუსი 5 450 ადამიანს დაუდასტურდა, 37 პაციენტი კი გარდაიცვალა.