ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია, ქვეყნის ეპიდვითარებას Facebook-პოსტით ეხმიანება და ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია არსებულ გამოწვევებსა და მათი აღმოფხვრის გზაზე; სახალხო დამცველის თქმით, "საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმური კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები".
"საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება და სახელმწიფო ორგანოებს კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.
განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია COVID 19-ის შემთხვევების აუდიტის ექპერტთა ჯგუფის საქმიანობის შედეგების თაობაზე. კერძოდ, ამ დროისთვის რამდენი შემთხვევა გაანალიზდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა. ასევე, კონკრეტულად რა ზომების მიღება არის დაგეგმილი და როდისთვის, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად", - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს 19 წლის თეკლა თორდიას კორონავირუსით გარდაცვალებაზე და ამბობს, რომ თუმცაღა "ოჯახის წევრების განმარტებით, პაციენტს აღენიშნებოდა თანმდევი ქრონიკული დაავადება, მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, პაციენტი კლინიკაში დროულად არ გადაიყვანეს".