აჭარის მთავრობის სახლის წინ პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აშშ–ის, ევროკავშირის და საქართველოს დროშები აღმართეს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ამ ფორმით მოქალაქეები დასავლელი პარტნიორების მიმართ მადლიერებას გამოხატავენ.
"ვინც ყველაზე მეტად გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს და უკეთესი იყოს, არიან, აშშ და ევროკავშირი, სწორედ ამიტომ, დღეს მათი დროშები აღვმართეთ თავისუფლების კვარტალში. ეს ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და იყოს პოლიტიკური სტაბილურობა", –ამბობს "ენმ"–ს ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქციები 35–ე დღეა მიმდინარეობს, ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ. უწყვეტი აქციები აჭარაში გაგრძელდება მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ მიიღწევა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე