66 წლის ქალი სასწრაფო დახმარების მისვლას და ფოთის საავადმყოფოში, საწოლი ადგილის გამოჩენას სამი დღე უშედეგოდ ელოდა.
ქეთევან გრიგალაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა, ოჯახის წევრებს კი ექიმები ეუბნებოდნენ რომ ქალს საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსებდნენ, თუ რომელიმე პაციენტი ბინაზე გაეწერებოდა.
უშედეგო ლოდინისა და სასწრაფოს ბრიგადის დაგვიანების გამო, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალი, ჟანგბადის უკმარისობით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
სალომე კვარაცხელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზსა და 112 -თან დაკავშირებას მას შემდეგ ცდილობდა, რაც მიხვდა რომ ვირუსს საკუთარი ძალებით ვეღარ გაუმკლავდებოდა.
სამდღიანი ლოდინის შემდეგ, მასთან მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალს განუმარტა რომ არც ერთ საავადმყოფოში ადგილი არ იყო, ხოლო თუ 250 ლარს გადაიხდიდა, მას კერძო კლინიკაში მოათავსებდნენ.
ვითარება უკიდურესად მძიმეა რეგიონებშიც. დედაქალაქის მსგავსად იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, პაციენტები ელოდებიან საწოლის გათავისუფლებას, ლოდინი კი ხშირად ტრაგიკულად სრულდება.
პაციენტებს ვეღარ იღებს ვერც თელავის რეფერალური საავადმყოფო.
ჯანდაცვის მინისტრი დღეს ჟურნალისტებთან თავმომწონედ ირწმუნებოდა რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და 112 -ის მომსახურება გაუმჯობესებულია.
საქართველოში პანდემიის გამო ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, სანამ ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სისტემის გამართულობით თავს იმხნევებს, საქართველო ერთი კვირის მონაცემებით მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობს.