24 საათიანი ექსპერტიზის შემდეგ, რასიმ ისაევი სახლში მიასვენეს. 40 წლის მამაკაცს თავისა და გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.
მოკლულის ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ეს შურისძიება იყო და წარსულში ისაევის ძმის მიერ ჩადენილ დანაშაულს უკავშირდება.
2015 წელს რამინ ისაევმა საკუთარი მეზობელი, ახალგაზრდა კაცი მოკლა. ის დააპატიმრეს, თუმცა წლების განმავლობაში მოკლული ისაევის მეუღლის მტკიცებით, მის ქმარს ძმის დანაშაულის გამო მუდმივად ემუქრებოდნენ.
ბრალდებებს უარყოფენ 5 წლის წინ მოკლული ფიქრათ ახმედოვის ოჯახის წევრები. პოლიციამ მათი სახლი უკვე გაჩხრიკა, გამოკითხეს ყველა, თუმცა ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს.
2015 წელს მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს დანაშაული რელიგიურ კონფლიქტს უკავშირდებოდა. სალაფიტმა რამინ ისაევმა შიიტი ახმედოვი მოკლა იმის გამო, რომ სალაფიტების შეკრების შესახებ მან ინფორმაცია მედიას მიაწოდა.
პოლიციელებს აქვთ მკვლელობის ადგილის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო კამერის ჩანაწერები, სადაც წესით ის ავტომობილი უნდა ჩანდეს, საიდანაც ცეცხლი გახსნეს.
მკვლელობა ფონიჭალაში, ისაევების საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში მოხდა. მაღაზიაში ფეხით მიმავალ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. მეზობლებმა მხოლოდ მანქანის რუსული სანომრე ნიშნები შეამჩნიეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია