ე.წ. ლილოს თავშესაფრის 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდა - EMC

გამოქვეყნდა:

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ( EMC ) აცხადებს, რომ რომ ე.წ. ლილოს თავშესაფარში 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, აქედან 12-14 შემთხვევა მიმდინარეა. ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო ნაწილი თავშესაფარში, იზოლაციაში იმყოფება.

"თავშესაფარში ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი კიდევ უფრო შემაშფოთებელია სერვისის შინაარსისა და მისი დანიშნულების გათვალისწინებით. ლილოს თავშესაფარი ყველაზე დაუცველი, თავშესაფრის არმქონე ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, რომელთაც მათი ცხოვრების მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჰქონდეთ ჯანმრთელობის პრობლემები ან ქრონიკული დაავადებები, რაც მათ უკიდურესად მოწყვლადად აქცევს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ამასთან, თავშესაფრის ინფრასტრუქტურული მოწყობა, მაცხოვრებლებს არ აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ ინდივიდუალური სივრცე (ოთახი) და ისარგებლონ პირადი სველი წერტილებითა თუ სასადილო სივრცით, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკებს", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

EMC-ში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, საფრთხე შეიძლება შეექმნას არა მხოლოდ სერვისის ბენეფიციართა უსაფრთხოებას, არამედ შეუძლებელი გახდეს ქუჩაში მცხოვრები, მიუსაფარი ადამიანების გადაყვანა მუნიციპალიტეტის ერთადერთ თავშესაფარში.

ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტს და თავშესაფრის ადმინისტრაციას:

  • მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა თავშესაფარში ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მიზნით, მათ შორის, მკაცრი ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის, ინტენსიური ტესტირების, ინფიცირებულებისა და მათი კონტაქტების სრული იზოლაციის, მეშვეობით;
  • გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ინფიცირებული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისებზე დროული წვდომის უზრუნველყოფისთვის;
  • მიიღონ ყველა ზომა რათა არ შეფერხდეს ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის თავშესაფრით ან სხვა ალტერნატიული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პანდემიისა და ზამთრის გათვალისწინებით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 895 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი