კომენდანტის საათის დროს, ყოფილი კინოსტუდიის შენობაში 16 წლის მოზარდმა გოგლიკო ხაინდრავა და ილია რუხაძე ცივი იარაღით დაჭრა.
დაჭრას წინ უძღოდა ჩხუბი, თუმცა, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.
როგორ მოახერხა არასრულწლოვანმა ორი კაცის დაჭრა, ან რა გახდა დაპირისპირების მოტივი კინოსტუდიის ეზოში მომუშავე ადამიანებისათვის უცნობია.
გოგლიკო ხაინდრავას სხეულზე 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის "ნიუ ჰოსპიტალში" იმყოფება, მისი მდგომარეობა უმძიმესია, თუმცა, ექიმმა დღეს ოჯახის მოთხოვნით კომენტარი არ გააკეთა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გოგა ხაინდრავა კლინიკაში გვიან ღამითვე მივიდა და საპატრულო პოლიციას ოქმს არ ავსებინებდა. სავარაუდოდ, იმ მოტივით რომ მათი ოჯახის ირგვლივ კრიმინალური ფაქტი არ დაფიქსირებულიყო. ინფორმაციის გადამოწმება თავად გოგა ხაინდრავასთან ვცადეთ, თუმცა, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
გოგლიკო ხაინდრავასა და ილია რუხაძეს საერთო საქმე ჰქონდათ. ყოფილი კინოსტუდიის შენობაში გოგა ხაინდრავას კომერციული ფართი აქვს, რომლის რემონტსაც მისი ძმის შვილი და გოგლიკოს მეგობარი აკეთებდნენ. ისინი ფოტოსტუდიას აწყობდნენ, რის გამოც გვიანობამდე შემორჩნენ დავით აღმაშენებლის გამზირზე, არასრულწლოვანთან დაპირისპირებაც ამ დროს დაიწყო.
მძიმეა მეორე დაჭრილის მდგომარეობაც. ილია რუხაძეს ცივი იარაღი თავის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
პოლიციამ რამდენიმე საათში არასრულწლოვანი დააკავა. ოჯახმა დღეს მედიასთან საუბარი არ ისურვა. მეზობლებს არ სჯერათ, რომ ამდენ ჭრილობას 2 ზრდასრულს 16 წლის ბიჭი მიაყენებდა და ვარაუდობენ, რომ სისხლიანი გარჩევის დროს ადგილზე სხვებიც იმყოფებოდნენ.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 2004 წელს დაბადებული მოზარდი დააკავა. ნივთმტკიცების სახით სამართალდამცავებმა დანა ამოიღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არასრულწლოვანს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.