შსს ამტკიცებს, რომ დაკავებულ ბიძინა ესებუას უთვალთვალებდნენ და ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ის ძებნილ ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, რა დროსაც მისთვის კონკრეტული ნივთები, ძირითადად, საბრძოლო მასალა უნდა გადაეცა.
შეგახსენებთ, ბიძინა ესებუა დღეს დააკავეს, მისი დაკავების შემდეგ კი პოლიციამ ესებუების მამა ზუგდიდის სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანა. ოჯახი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ესებუას მამა ამბობს, რომ შვილის დაკავებაზე ინფორმაცია ტელევიზიით შეიტყო.
"არ ჰქონდა ჩემ შვილს არც ცეცხლსასროლი იარაღი, არც ყუმბარა, გზაშია დაკავებული, გავიგებ ყველაფერს. იზამდა ამას თქვენი აზრით?!" - თქვა ბიძინა ესებუას მამამ.
ბიძინა ესებუა პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ესებუა სოფელში მიმავალ გზაზე გააჩერა. დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.
საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.