ლიტერატურის მუზეუმს თუ ესტუმრებით, ეზოში ხელნაკეთი ნივთების პატარა მაღაზიას შეამჩნევთ. მისი კარი, უკვე მეორედ დაიკეტა.
მე-19 საუკუნის ცნობილ ფრანგ მოაზროვნეს, ფრედერიკ ბასტიას ეკუთვნის ესე: „ის, რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს.“ მე ლიტერატურული მუზეუმის ეზოში ვარ, ეს კი სუვენირების მაღაზიაა, რომლის კარიც დაკეტილია, თუმცა ეს არ არის უბრალოდ უსიცოცხლო ობიექტი, რომელიც დაიხურა. მის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან და მე მინდა გაჩვენოთ ისინი, და არა მხოლოდ ისინი, არამედ სხვა ადამიანებიც, რომლებიც არაერთი დახურული ბიზნესის უკან დგანან. ანუ ის, რაც არ ჩანს.
ნიკოლოზ ლუტიძე, რომელსაც მისი ფსევდონიმით _ „ჰუმანოიდი“ _ იცნობენ და რომელიც ბიზნეს საქმიანობასთან ერთად ცნობილი არტისტია, გვიყვება, რომ შეზღუდვების შედეგად მისი ბიზნესი დაღუპვის პირასაა და მეორე იძულებითი დახურვის შემდეგ, კვლავ იმ წერტილში ბრუნდება, საიდანაც დაიწყო.
არავინ იცის, შეძლებს თუ არა ნიკოლოზი კვლავ გახსნას მაღაზიის კარი და დაიბრუნოს თანამშრომლები, რომლებიც საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ.
ასევე არ იცის ბექა ჯერენაშვილმა, შეძლებს თუ არა საყვარელ წიგნის მაღაზიაში დაბრუნებას. დღეს შაქრო ბაბუას კარი, შესაძლოა, უკანასკნელად სპეციალურად ჩვენთვის გაიღო.
ესაა მაღაზია და სამკითხველო, რომელსაც ბექა დიდი ხნის განმავლობაში, როგორც მკითხველი აკითხავდა, შემდეგ მუშაობა დაიწყო. ჰყვება, როგორ უყვარს ეს საქმე, როგორ ეხმარება ადამიანებს წიგნების შერჩევაში, როგორ შეიძლება დაკარგოს საყვარელი საქმე და რამხელა რამე იკარგება, როდესაც არ შეუძლია, ლიტერატურის დიდ სამყაროში ორიენტირებაში მკითხველს დაეხმაროს.
შაქრო ბაბუამ ეს ადგილი შესაძლოა კიდევ ერთხელ და ამჯერად სამუდამოდ დატოვოს, ბექამ კი საყვარელი საქმე და შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგოს. ისე, როგორც ეს კანადიდან საქართველოში დაბრუნებულმა გიორგი ჩალათაშვილმა დაკარგა. ის სამშობლოში ოჯახთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად დაბრუნდა და საყვარელი საქმის კეთება დაიწყო _ ტურისტებს საქართველოს აცნობდა.
გიორგი ჰყვება, რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ეს სფერო, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები და რა კვალს დატოვებს ეს დაკეტვა ტურიზმზე.
ჩაკეტილობაში რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ, მით უფრო მეტი იქნება დანაკარგი ამ სფეროსთვის, ისევე როგორც მომსახურების სფეროში არსებული არაერთი მცირე ბიზნესისთვის. კახა მათურელმა ოჯახის დასახმარებლად შრომა ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკში დაიწყო, ახლა კი მთხელი ცხოვრების შრომის შედეგად შექმნილი საქმე, მის თვალწინ ინგრევა და მასაც, ნიკოლოზის მსგავსად შესაძლოა იმ წერტილიდან მოუწიოს საქმის გაგრძელება, საიდანაც დაიწყო. თითქოს ეს წლები, არც ყოფილა.
ჰყვება, როგორ კარგავს ამ ყველაფერს. როგორ იკარგება 100000-მდე სამუშაო ადგილი ამ ინდუსტრიაში, როგორ ხდებიან იძულებულები მისი კოლეგები რომ თავის გადასარჩენად გაყიდონ სამუშაო აპარატები და მოწყობილობები და ა.შ.
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, რომ გვჭირდება ძლიერი საშუალო ფენა და სიღატაკიდან ამოსვლა. ჩვენ გავიგებთ კოვიდ პანდემიის ყველა შედეგს, ზუსტად გვეცოდინება რამდენი ადამიანი შეეწირა ვირუსს და რამდენი გამოჯანმრთელდა და ის დღეც დადგება, როდესაც ამ ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა ვერასოდეს დავინახავთ ზუსტად იმას, რაც დავკარგეთ, ვერასოდეს დავინახავთ რამდენმა ადამიანმა დაკარგა საყვარელი საქმე და რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ამის გამო კიდევ უფრო გაზრდილ სიღატაკეს.
ჩვენ მხოლოდ ის შეიძლება გვახსოვდეს, როდესაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ წერტილოვნად შეგვზღუდა, ყოველი გაჩერებული ბიზნესის უკან დგას კონკრეტული ადამიანური ამბავი, ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი და არავინ იცის ეს ყველაფერი რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს. ესაა ის, რაც ამ შემთხვევაში არ ჩანს, თუმცა მისი შედეგები შესაძლოა რამდენადმე უფრო უარესი იყოს, ვიდრე ვირუსის პირდაპირი მოქმედების შედეგი.
ავტორი: ტორესა მოსი