გორში შსს-ს თანამშრომლის, 41 წლის ლარიკ ალექსიძის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექიმების დაუდევრობა გახდა. წინასწარი ინფორმაციით, ალექსიძეს თრომბი განუვითარდა, რამდენიმე საათით ადრე კი ჩივილებით კლინიკა "გორმედს" მიაკითხა, თუმცა ექიმებმა მას მხოლოდ გადასხმა გაუკეთეს და სახლში გაუშვეს.
ლარიკ ალექსიძის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გულგრილობაზე საუბრობს.
"ხელში წვა იგრძნო, გულ-მკერდის არეზე გადამდისო... გადავიყვანეთ "გორმედში" და გადასხმა გაუკეთეს, შემდეგ გამოუშვეს სახლში. წინასწარი დასკვნების გაკეთება არ მინდა, ექსპერტიზას ველოდებით, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ეს სიმპტომები თრომბს ახასიათებს", - ამბობს გარდაცვლილის შვილი, გიორგი ალექსიძე.
"გორმედის" კლინიკური დირექტორი, ხათუნა შრუბი, ირწმუნება, რომ მედიკოსებმა პოლიციელს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო დამხარება გაუწიეს.
"გავუკეთეთ სათანადო კვლევები... მოეხსნა ტკივილი და გაეწერა ბინაზე. პაციენტი თვითონვე აღნიშნავდა, რომ უკეთესად იყო. რატომ აქვთ პრეტენზიები, ვერ ვხვდები", - ამბობს ხათუნა შრუბი.
ლარიკ ალექსიძე შსს-ს გორის სამმართველოში 16 წლის განმავლობაში მუშაობდა.
საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.