აფრიკის დასახლებაში, სახლების ნგრევას სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ნინო ლომჯარია წერს, რომ ზამთრის პერიოდში, მაშინ როცა პანდემია მძვინვარებს, ასეთი სახის ქმედება არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობაა
უმძიმესი იყო მედიაში გავრცელებულ კადრებში იმ ოჯახების ხილვა, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით დემონტაჟს დაექვემდებარა. დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას. აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. აღნიშნულს ემატება, პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში
ნინო ლომჯარია თბილისის მერიას მოუწოდებს გაკეთოს ოფიციალური განცხადება თუ რას გეგმავს იმ ადამიანებთა დაკავშირებით, რომლებიც დღეს უსახლკაროდ დარჩენენ.
მართალია, ხელისუფლებას გააჩნია უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის აღნიშნული პროცესის კანონიერების საკითხს - წერს ნინო ლომჯარია
მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობებს ანგრევს. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
თბილისის მერი, კახი კალაძე კი აცხადებს, რომ ტერიოტრიების დაკავება მიზანმიმართულად ხდება და ამ შენობებში არავინ ცხოვრობს.