თბილისის მერი, კახა კალაძე, აფრიკის დასახლებაში მშენებლობების ნგრევას ეხმიანება და ამბობს, რომ გარკვეული ჯგუფები ამ მშენებლობებით ხელს ითბობენ, მიწები დატაცებულია და იქ არავინ ცხოვრობს.
"მე არ გამოვრიცხავ, ამის უკან იყოს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ, იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები, მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა–ნაგებობის განთავსება, რომ შემდეგ წლების განმავლობაში მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების რაღაცნაირად მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია, ეს არის ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სახლები ეს არის ის ადამიანები, რომელთაც აქვთ მიწები", - ამბობს კალაძე.
აფრიკის დასახლებაში მშენებლობების ნგრევასთან დაკავშირებით განცხადება მერიამაც გაავრცელა. მერიის თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა.
"თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.
ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო.
მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო." – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო.
აფრიკის დასახლებაში, კორნელი სანაძის ქუჩაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ადგილზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და ორსულიც.
მიადგნენ და ანგრევენ, ათრევენ ხალხს, რასაც უნდათ იმას შვრებიან – ელენე ხოშტარია აფრიკის დასახლებაზე.