44 პაციენტი დღეს კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდა. პოლიტიკური ტრიბუნიდან ყოველ დილით კოვიდ ციფრები ის ოფიციალური მონაცემებია რომელსაც ეპიდემიოლოგები გასული 24 სათის განმავლობაში ადგენენ. თუმცა დღეს სპეციალისტები უკვე აღარ მალავენ რომ გამოცხადებულ ციფრებში საეჭვო გარემოებები იკვეთება. სერგო ჩიხლაძე ერთერთია რომელიც დარწმუნებულია რომ ქართული ოცნების მთავრობა გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა ციფრების საზოგადოებაზე მანიპულირებისთვის იყენებს.
ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლება ისევ ტრაგიკულ სურათს აანონსებს, ამირან გამყრელიძე ამბობს რომ გარდაცვლილთა რაოდენობა დეკემბრის ბოლოს, შესაძლოა, გაიზარდოს, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია სპეციალისტების განცხადებები. ექსპერტები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში უკვე იმაზე ბევრი ადამიანი იღუპება ვიდრე ოფიციალური ციფრებია, ხელისუფლება კი რეალურ სურათს მაშინ დადებს, თუკი პოლიტიკურ აუცილებლობას დაინახავენ.
ხელისუფლება რომ კოვიდშემთხვევების რიცხვს ხელოვნულად არეგულირებს, სიახლე არ არის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისთვის. ქვეყანაში მიმდინარე ტესტირების პროცესი ამის სანიმუშო მაგალითია, კოვიდის დადასტურებული შემთხვევები მაშინ იკლებს, როცა გატესტილი მოქალაქეების რაოდენობა მცირდება, ამას კი ეპიდემიოლოგები საკუთარი გადაწყვეტილების და ინტერესების მიხედვით აკეთებენ.
კოვიდთან ბრძოლაში ხელისუფლებამ ნდობა დაკარგა, მედიკოსები ამბობენ, რომ ეპიდემიის დაწყებიდან მოყოლებული მთავრობის არასწორმა ნაბიჯებმა საზოგადოებაში ბევრი ეჭვი გააჩინა. ხელოვნურად გაცხადებული ციფრები კი, სპეციალისტების შეფასებით, კარგი ინსტრუმენტი აღმოჩნდა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
მეორე კვირაა, ქვეყანა ლოქდაუნის პირობებში ცხოვრობს, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით აანონსებდნენ რომ დეკემბრის ბოლო კვირაში შესაძლოა მკაცრი შეზღუდვები შეემსუბუქებინათ, თუმცა ახლა ორჭოფობენ. ამის პარალელურად კი ამბობენ, რომ შესაძლოა გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. არაოფიციალური ცნობით, იყო შემთხვევები, როცა დღის განმავლობაში ქვეყანაში 80 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ 19-ით, მთავრობის სპიკერს კი მსგავსი ციფრი არასდროს გამოუცხადებია.