ერთ ღამეში გაქურდული ოთხი სახლი და გატეხილი მანქანები მარტვილში - პოლიცია დაზარალებულებს დუმილს ურჩევს

გამოქვეყნდა:

ერთი ღამის განმავლობაში, კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში ზედიზედ ოთხი სახლი გაქურდეს და ავტომანქანები გატეხეს. წაღებულია ფული და სანადირო იარაღი. 

ცოტა ხნის წინ აქ კიდევ სამი ოჯახი გაქურდეს, ჯამში დაზარალებულია შვიდი ოჯახი, თუმცა, ამ დრომდე არათუ არავინ დაუკავებიათ, ადგილობრივთა თქმით, საგამოძიებო მოქმედებებიც კი არ ჩატარებულა. 

წაიღეს ფული ჩემგან, 800 ლარია წაღებული, მეზობლის სახლიდან კი იარაღიცაა წაღებული. პოლიცია არ მოსულა, მე ვუთხარი პოლიციას ორი დღის შემდეგ, გამქურდეს და მეშინია, რომ განმეორდება-მეთქი, - ამბობს ადგილობრივი. 

პოლიცია მარტვილში შეკითხვებს არ პასუხობს. სამაგიეროდ, როცა ადგილობრივმა ძალოვნებმა შეიტყვეს, რომ სოფელში "მთავარის" გადამღები ჯგუფი ჩადიოდა, სოფლის გამგებელთან ერთად შემოიარეს ადგილობრივები და ურჩიეს, ჟურნალისტებთან ქურდობის შესახებ არ ელაპარაკათ.

ამის მიუხედავად, მოსახლეობა ადასტურებს, რომ ბოლო დროს მარტვილში კრიმინალური შემთხვევები გაზრდილია, ასევე, ამბობენ იმასაც, რომ მომხდარი ქურდობის ფაქტების შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა. 

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედებები სოფელში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც "მთავარის" გადამღებმა ჯგუფმა სერგიეთი დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი