ქვეყანა შესაძლოა ვაქცინაციის გარეშე დარჩეს. კოვიდ 19-ის ვაქცინაზე ჯერ მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკებები არსებობს მწარმოებლებთან, თუმცა არაფერი გაკეთებულა იმისთვის რომ სპეციალური ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო. ახალი ვაქცინის სირთულის გამო მკაცრია მისი ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები. ამის საშუალება ქვეყანაში იმდენად მცირეა რომ მხოლოდ რამდენიმე ერთეული ვაქცინის შენახვაა შესაძლებელი. სპეციალისტები კი ამბობენ რომ ხელისუფლებას დროს კარგავს.
ვაქცინაცია ჯერ მხოლოდ ერთეულ ქვეყნებში დაიწყო, მოლაპარაკებები კი სამი დასახელების მწარმოებელთან მიმდინარეობს. ყველაზე მაღალი ხარისხი როგორც სპეციალისტები ამბობენ, "ფაიზერის" ვაქცინაა, თუმცა მისი შენახვა განსაკუთრებულად მკაცრ პირობებს მოითხოვს.
ქვეყანას უნდა ჰქონდეს სპეციალური მაცივარი, რომელსაც ტემპერატურა მინუს 80 გრადუსზე დაჰყავს, წინააღმდეგ შემთხვევაში წამალი უვარგისი და სახიფათო შეიძლება გახდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ასეთი მაცივარი კი ქვეყანაში სულ 2 ცალია.
ინფრასტრუქტურის გარდა ჯერ ისევ უცნობია როდის დაიწყება სამედიცინო პერსონალის გადამზადება. რიგითი გრიპის ვაქცინაციისგან განსხვავებით, კოვიდ ვაქცინა განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს.
რატომ არ იჭერს თადარიგს სახელმწიფო ექიმების მოსამზადებლად ბოლომდე გარკვეული არ არის. ამირან გამყრელიძე ჯერ ისევ ჯანდაცვის სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, რომელ ვაქცინაზე გააკეთებენ აქცენტს.
სპეციალისტები უკვე ვარაუდობენ რომ აქაც დიდი კორუფციული გარიგების ნიშნები იკვეთება, მთავრობა ინფრასტრუქტურის შექმნას გადაუდებელი აუცილებლობით ახსნის და მილიონობით ლარს სავარაუდოდ ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით დახარჯავს.