წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას ითხოვს - ტატუნაშვილის მამა ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს და სწორედ, მათი დახმარებით მოხდეს დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის ქართული მხარისთვის გადმოცემა.
გივი ტატუნაშვილი ვარაუდობს, რომ დამნაშავეები სათანადოდ არ დაისჯებიან, რადგან ორივე მათგანს ოკუპანტი რუსეთი მფარველობს.
"მიუსაჯეს, მაგრამ რა აზრი აქვს. ისინი თუ ევროპაში არ გავლენ, რუსეთიდან ფეხს არ მოიცვლიან, საქართველოში არ ჩამოვლენ და იმათი დამჭერი ვინ არის. რუსეთის მთავრობა მაგათ არ დააპატიმრებს, პირიქით წაახალისებს, გურწიევი ჩემი შვილის მკვლელოვის შემდეგ დააწინაურეს, ცხინვალში გადაიყვანეს პროკურორის თანაშემწედ. ", - ამბობს გივი ტატუნაშვილი
აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 16 დეკემებრს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულები ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში არიან. გურწიევსა და ტაბოევს გამოძიება, არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებასა და ამავე ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და წამებით მოკლეს.