სახალხო დამცველს ცნობით, მას მიმართა ტრანსგენდერმა პატიმარმა, რომ ციხის ადმინისტრაცია მის საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო მომსახურებას არ უწევს. დაწესებულებაში მოხვედრამდე კი, პირი გადიოდა ჰორმონალურ მკურნალობას, თუმცა, თავისუფლების აღკვეთის შემდეგ მედიკამენტებს ვეღარ იღებს. უარი ეთქვა ასევე ენდოკრინოლოგის მომსახურებით სარგებლობაზე.
თავის მხრივ ნინო ლომჯარიამ, გენდერული იდენტობის ნიშნით, ირიბი დისკრიმინაციის დადგენის რეკომენდაციით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს.
"რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება და მედიკამენტებით უწყვეტი უზრუნველყოფა, ყველა ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის გარანტირებული უფლებაა. განმცხადებელს, მისი გენდერული იდენტობიდან გამომდინარე, განსხვავებული, მის საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება. ენდოკრინოლოგის მომსახურებაზე უარის თქმით ხდება მისი სპეციფიკური მახასიათებლების იგნორირება. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პატიმარმა კონსულტაცია არა ზოგადი პროფილის, არამედ ამ მიმართულებით სპეციალიზებული ენდოკრინოლოგისგან უნდა მიიღოს. ", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცახდებაში.
ომბუდსმენი ამბობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები განმცხადებლისთვის, როგორც სპეციალიზებული ენდოკრინოლოგის მომსახურებით, ასევე ჰორმონალური მედიკამენტების შეუფერხებლად და უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად.